2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია.
აღნიშნული რედაქცია დაკავშირებულია ცვლილებებთან, რომელთა ძირითადი მიზანი პარტნიორების შემდეგომი ურთიერთობის დეტალიზაცია და შესაძლო დავების მინიმიზაციაა, რასაც მოქმედი კანონის რედაქცია ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ, არსებული წესდების გარდა, კომპანიისათვის რეგისტრაციის დროს სავალდებულო გახდება სადამფუძნებლო შეთანხმების გაფორმება.
კანონპროექტი ემყარება შემდეგ მიდგომას: წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშვიათად უნდა დადგეს. ამასთან, კანონპროექტს შემოაქვს სტანდარტული წესდების ინსტიტუტი, როგორც შაბლონური, არაინდივიდუალიზებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და, პარტნიორების სურვილისამებრ, შეიძლება შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებაზე გავრცელდეს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, წესდებისადმი წაყენებული მინიმალური ინფორმაციის მოთხოვნა მხოლოდ ისეთ საკითხებს შეეხება, რომლებიც არ ახდენს საზოგადოების ინდივიდუალიზებას, ხოლო შედარებით ცვალებადი, არამარეგულირებელი ფუნქციის მატარებელი ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ სამეწარმეო საზოგადოებასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საფირმო სახელწოდება, პარტნიორების და დირექტორის ვინაობა და სხვ.), წესდების მიღმა, სადამფუძნებლო შეთანხმების სხვა ნაწილში იქნება მოცემული. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება საფირმო სახელწოდებასაც, კერძოდ, კანონპროექტში მოცემულია საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი.
მოქმედ კანონში არსებული რეგულაციებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს, რომ როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ისე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება შესაძლოა იყოს ფანტაზიის ნაყოფი და სავალდებულოდ არ შეიცავდეს ინდმეწარმის ან პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის სახელს. ამასთან, პროექტი აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამო დღეისათვის არსებობს სამეწარმეო საზოგადოებები, რომლებსაც აქვთ იდენტური საფირმო სახელწოდება.
კანონპროექტი აზუსტებს, რომ საფირმო სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებას. თუმცა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში, დამატებითი სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ეს დანაწესი ამოქმედდება მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რეგისტრირებულ საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე ეს ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი შეიცვლიან საფირმო სახელწოდებას.