SINCE
2006
FAQ

ხშირად დასმული კითხვები - აუდიტი, ბუღალტერია და გადასახადები

პასუხები კითხვებზე, რომლებსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესები ყველაზე ხშირად გვისვამენ.

01

აუდიტი

ვინ არის ვალდებული ჩაატაროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი საქართველოში?

აუდიტის ვალდებულება დამოკიდებულია იმაზე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია - ეს კი განისაზღვრება აქტივების ჯამური ღირებულებით, შემოსავლითა და დასაქმებულთა რაოდენობით. ასევე სავალდებულოა აუდიტი საზოგადოებრივი დაინტერესების ანგარიშვალდებული პირებისთვის. თუ ზუსტად არ იცით, რომელ კატეგორიაში ხვდებით, გამოგვიგზავნეთ თქვენი ბოლო ანგარიშგება და უფასოდ გეტყვით.

რა განსხვავებაა აუდიტორსა და ბუღალტერს შორის?

ბუღალტერი აწარმოებს აღრიცხვას და ამზადებს ანგარიშგებას; აუდიტორი კი დამოუკიდებლად ამოწმებს ამ ანგარიშგებას და გამოხატავს პროფესიულ დასკვნას მის სისწორეზე. კანონის თანახმად, ერთი და იგივე კომპანია ერთდროულად ვერ აწარმოებს ბუღალტერიას და ვერ ჩაატარებს იმავე კომპანიის სავალდებულო აუდიტს.

როგორ შევამოწმო, აქვს თუ არა აუდიტორულ კომპანიას შესაბამისი უფლება?

სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება მხოლოდ იმ კომპანიას აქვს, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული კომპანიების სახელმწიფო რეესტრში (SARAS). რეესტრი საჯაროა და კომპანიის სარეგისტრაციო ნომრით მოწმდება. FEC-ის ნომერია SARAS-F-758026.

რა ღირს აუდიტი და რისგან დამოკიდებულია ფასი?

აუდიტის ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, ოპერაციების მოცულობასა და სირთულეზე, დარგზე და იმაზე, რამდენად მოწესრიგებულია აღრიცხვა. ფასს ყოველთვის წინასწარ, წერილობითი შეთავაზების სახით გიფიქსირებთ - სამუშაოს მოცულობისა და ვადების მითითებით.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ აუდიტისთვის?

ძირითადად: ფინანსური ანგარიშგება და საბუღალტრო ბაზა, პირველადი დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ძირითადი ხელშეკრულებები, მარაგების ინვენტარიზაციის მასალები და საგადასახადო დეკლარაციები. ზუსტ ჩამონათვალს პირველივე შეხვედრაზე გადმოგცემთ.

რამდენი ხანი გრძელდება აუდიტი?

ვადა დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და დოკუმენტაციის მდგომარეობაზე. ვადებს წინასწარ ვთანხმდებით და სამუშაო გეგმას ხელშეკრულებაში ვაფიქსირებთ.

02

ბუღალტერია და აუთსორსინგი

რა ღირს ბუღალტრული მომსახურება ბათუმში?

ყოველთვიური ღირებულება დამოკიდებულია ოპერაციების რაოდენობაზე, თანამშრომელთა რიცხვზე, დღგ-ის სტატუსსა და დარგზე. გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ და მიიღებთ კონკრეტულ, ფიქსირებულ ყოველთვიურ შეთავაზებას.

რა უპირატესობა აქვს ბუღალტერიის აუთსორსინგს შტატში ბუღალტრის აყვანასთან შედარებით?

აუთსორსინგით იღებთ გუნდს და არა ერთ ადამიანს: მომსახურება არ ჩერდება შვებულების ან თანამშრომლის წასვლის გამო, გყავთ პირადი მენეჯერი, ხოლო ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 10 000 000 ლარით. ამასთან, ბუღალტერიასთან ერთად ხელმისაწვდომია საგადასახადო და იურიდიული გუნდი.

შეგიძლიათ არსებული, არასწორად წარმოებული აღრიცხვის აღდგენა?

დიახ. ვიწყებთ არსებული მდგომარეობის მიმოხილვით, გამოვავლენთ ხარვეზებსა და რისკებს, შემდეგ ვახდენთ აღრიცხვის აღდგენას და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენას.

ვინ აგებს პასუხს, თუ ბუღალტერი შეცდომას დაუშვებს?

ჩვენ. სამუშაო რეგულირდება ხელშეკრულებით და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 10 000 000 ლარის ოდენობით.

შეგიძლიათ მხოლოდ ხელფასების დარიცხვა ან მხოლოდ HR დოკუმენტაცია შემომთავაზოთ?

დიახ. შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ ხელფასები და კადრების ადმინისტრირება, სრული ბუღალტერიის გარეშე.

03

გადასახადები

რა ძირითადი გადასახადები აქვს კომპანიას საქართველოში?

ძირითადი გადასახადებია: მოგების გადასახადი (მოქმედებს განაწილებული მოგების მოდელი), დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი ხელფასებზე, დივიდენდის გადასახადი, ქონების გადასახადი, ხოლო ცალკეულ საქმიანობაზე - აქციზი და იმპორტის გადასახადი. კონკრეტული ვალდებულებები დამოკიდებულია საქმიანობის სახეობასა და სტატუსზე.

როდის ხდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულო?

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულოა კანონით დადგენილი ბრუნვის ზღვრის გადაჭარბებისას, ასევე ცალკეულ შემთხვევებში - მაგალითად, გარკვეული ოპერაციების განხორციელებისას. კომპანიას ნებაყოფლობითი რეგისტრაციაც შეუძლია. გირჩევთ, ზღვართან მიახლოებამდე გაიაროთ კონსულტაცია - რეგისტრაციის დაგვიანება ჯარიმას იწვევს.

რა არის ტრანსფერული ფასწარმოქმნა და ვის ეხება?

ტრანსფერული ფასწარმოქმნა ეხება ურთიერთდამოკიდებულ (დაკავშირებულ) საწარმოებს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ოპერაციებს - მაგალითად, ქართულ კომპანიასა და მის უცხოელ დამფუძნებელს ან სათავო კომპანიას შორის. ასეთი ოპერაციები საბაზრო პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს და დოკუმენტურად დასაბუთდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი საგადასახადო რისკია უცხოური კაპიტალის კომპანიებში.

შემიძლია წინასწარ გავარკვიო, როგორ დაიბეგრება კონკრეტული ოპერაცია?

დიახ. ჩვენ ვამზადებთ საგადასახადო ანალიზს ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში ვეხმარებით შემოსავლების სამსახურიდან წინასწარი გადაწყვეტილების (advance ruling) მიღებაში.

შემოწმება დაიწყო ან საგადასახადო დავა გვაქვს - დაგვეხმარებით?

დიახ. ვახორციელებთ წარმომადგენლობას შემოსავლების სამსახურში და საგადასახადო დავებში: ვამზადებთ საჩივარს, პოზიციის დასაბუთებას და თან ვახლავართ პროცესს ყველა ეტაპზე.

04

უცხოელი ინვესტორისთვის

როგორ დავაფუძნო კომპანია საქართველოში, თუ უცხოელი ვარ?

უცხოელს შეუძლია საქართველოში კომპანიის დაფუძნება საქართველოში ცხოვრების გარეშე. პროცესი მოიცავს იურიდიული ფორმის შერჩევას, სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებას, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, საბანკო ანგარიშის გახსნასა და საგადასახადო აღრიცხვას. FEC ამ ეტაპებს ერთ პაკეტში მართავს.

რამდენ ხანში რეგისტრირდება კომპანია საჯარო რეესტრში?

სტანდარტული რეგისტრაცია სწრაფი პროცედურაა და დაჩქარებული მომსახურებაც არსებობს. პრაქტიკაში ვადას განსაზღვრავს დოკუმენტების სისრულე - არასწორად მომზადებული დოკუმენტი პროცესს აჩერებს.

შემიძლია თუ არა უცხოური კომპანიის ფილიალის გახსნა?

დიახ. უცხოურ კომპანიას შეუძლია საქართველოში დაარეგისტრიროს ფილიალი. რომელი ვარიანტია თქვენთვის უკეთესი - შვილობილი კომპანია თუ ფილიალი - დამოკიდებულია საგადასახადო და ოპერაციულ მიზნებზე; ამას წინასწარ ვაანალიზებთ.

რა ენებზე მუშაობთ?

ვმუშაობთ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე - მათ შორის დოკუმენტაციასა და მოლაპარაკებებში.

შეგიძლიათ ანგარიშგების მომზადება უცხოელი დამფუძნებლის ან სათავო კომპანიისთვის?

დიახ. ვამზადებთ ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას სათავო კომპანიისთვის, მათ შორის IFRS-ის შესაბამისად.

05

უსაფრთხოება და შესაბამისობა

რა არის HACCP და ვისთვის არის სავალდებულო?

HACCP არის კვების უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც ეფუძნება საფრთხეების ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს. მისი დანერგვა ევალებათ სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ და მიმწოდებელ ობიექტებს - მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებს.

ვისთვის არის სავალდებულო შრომის უსაფრთხოების სისტემა?

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდება დამსაქმებლებზე და განსაკუთრებით მკაცრია მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოებზე - მშენებლობაზე, წარმოებაში, სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე. ჩვენ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ვახორციელებთ აუდიტს, დოკუმენტაციის დანერგვასა და პერსონალის ტრენინგს.

ვამზადებთ თუ არა კომპანიას შემოწმებისთვის?

დიახ. ვატარებთ შიდა შემოწმებას, ვადგენთ შეუსაბამობების ჩამონათვალს და გამოსწორების გეგმას ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით - რომ გარე შემოწმება მოულოდნელობა არ იყოს.

06

FEC-ის შესახებ და თანამშრომლობა

სად მდებარეობთ და ემსახურებით თუ არა სხვა ქალაქებს?

გვაქვს სამი ოფისი: სათავო ოფისი ბათუმში, ასევე ოფისები ქობულეთსა და თბილისში. ვმუშაობთ საქართველოს მასშტაბით - მათ შორის დისტანციურად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვით.

რომელ სფეროებში გაქვთ გამოცდილება?

ჩვენი პორტფოლიო 400-ზე მეტ დამკვეთს ითვლის 7 ძირითად სფეროში: ლოჯისტიკა, მშენებლობა და დეველოპმენტი, ვაჭრობა და დისტრიბუცია, წარმოება, მომსახურება და ჯანდაცვა, ენერგეტიკა, სასტუმროები და ტურიზმი.

რატომ უნდა ავირჩიო FEC?

ვართ 2006 წლიდან მოქმედი, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა (SARAS-F-758026), TIAG-ის საერთაშორისო ქსელისა და EBRD-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ACCA-ს პლატინის დონის დამსაქმებელი, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 10 000 000 ლარით. ბათუმი ჩვენი სათავო ოფისია - ადგილობრივ ბაზარსა და ორგანოებს შიგნიდან ვიცნობთ.

როგორ ვიწყებთ თანამშრომლობას?

დაგვიტოვეთ მოთხოვნა საიტზე ან მოგვწერეთ [email protected]-ზე. პირველი კონსულტაცია უფასოა: განვიხილავთ თქვენს ამოცანას, შემდეგ გიგზავნით წერილობით შეთავაზებას სამუშაოს მოცულობით, ვადებითა და ღირებულებით.

დაცულია თუ არა ჩემი ინფორმაციის კონფიდენციალურობა?

დიახ. პროფესიული საიდუმლოების დაცვა ჩვენი საქმიანობის საფუძველია. საჭიროების შემთხვევაში ხელს ვაწერთ ცალკე კონფიდენციალურობის შეთანხმებას (NDA) სამუშაოს დაწყებამდე.

კონტაქტი

ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე?

დაგვიტოვეთ საკონტაქტო და ჩვენი ექსპერტი მალე დაგიკავშირდებათ.

+995 599 262 568[email protected]

კონსულტაციის მიღება

მოგვწერეთ და ჩვენი ექსპერტი მალე დაგიკავშირდებათ.